თბილისის მერი კახა კალაძე 101 წლის მარიამ ბებიაშვილს ესტუმრა და დაბადების დღე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

პროფესიით ინჟინერი მარიამ ბებიაშვილი ბოლო რამდენიმე წელია ფაზლების აწყობით არის გატაცებული.

"გილოცავთ დაბადების დღეს, 101 წლის შესრულება და რაც მთავარია, თქვენი შემართება, ბრწყინვალე გონება, შრომისუნარიანობა უდიდესი მოტივაციის მომცემია თითოეული ჩვენგანისთვის. გისურვებთ კიდევ ხანგრძლივ სიცოცხლეს, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

თავად მარიამ ბებიაშვილმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანგრძლივად სიცოცხლის საიდუმლო მუდმივ განვითარებასა და სიახლისკენ სწრაფვაშია.

"მინდა, ყველას გისურვოთ, მიაღწიოთ ჩემს ასაკს ისეთივე მხნეობით, შემართებით და ცხოვრების სიყვარულით, როგორიც მე მაქვს. 101 წლის ასაკში საკმაოდ რთულ ფაზლებს ვაწყობ, რაც უბრალო გატაცება კი არა, ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობის საფუძველია. ასე რომ, არასოდეს დაკარგოთ ინტერესი და სწრაფვა რაღაც ახალის აღმოჩენისა და სწავლის", - აღნიშნა მარიამ ბებიაშვილმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის "100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" პროგრამის ფარგლებში, მარიამ ბებიშვილს წელსაც 10 000 ლარი ჩაერიცხება.

დედაქალაქის მერთან ერთად იუბილართან სტუმრად თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდა.