იტალიის პოლიციის ინფორმაციით, მაფიოზური კლანის ხელმძღვანელი დააკავეს, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, იტალიის სამხედრო პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რობერტო მაცარელა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ძებნაში და მისი დაკავება მდიდრულ ვილაზე, ამალფის სანაპიროზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, ის გასულ წელს უნდა დაეკავებინათ, თუმცა გაქცევა მოახერხა.
48 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ ვიეტრი-სულ-მარეში დააკავეს, ნეაპოლის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების - "კამორას" გავლენიან ფიგურად ითვლება და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ, ძებნილ პირად იყო გამოცხადებული.
პოლიციის ცნობით, მაცარელა დაკავების დროს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა და წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მედიის ინფორმაციით, ნეაპოლში, მაცარელას კლანი გაყალბების საქმეებში მონაწილეობით არის ცნობილი, მათ შორის, ბანკნოტების გაყალბებით.
