სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის პოლიციამ და არმიამ "დამანგრეველი სიმძლავრის ასაფეთქებელი ნივთიერებები" აღმოაჩინეს მთავარი გაზსადენის მახლობლად, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილს და ჩრდილოეთით, მეზობელ უნგრეთსაც ამარაგებს.

ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ესაუბრა, რათა მისთვის ეცნობებინა არსებული საფრთხის შესახებ.

"უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ვესაუბრე და სერბეთსა და უნგრეთს შორის დამაკავშირებელი კრიტიკული გაზის ინფრასტრუქტურისთვის საფრთხის შესახებ, ჩვენი სამხედრო და საპოლიციო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველი შედეგები გავაცანი", - აღნიშნა ვუჩიჩმა.

ვუჩიჩის თქმით, ნაპოვნია დეტონატორები და ამოუცნობი ასაფეთქებელი ნივთიერებები. ამ დროისთვის ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ტერიტორია კანჯიზას ქალაქთან ახლოს მდებარეობს. ეს უნგრეთის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრშია.

"დღეს, სერბეთის არმიამ წარმატებით შეძლო ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების აღკვეთა. სერბეთი დაუნდობლად მოეპყრობა ყველას, ვინც ჩათვლის, რომ საფრთხეს უქმნის მის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას", - აღნიშნა ვუჩიჩმა.