სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიმართა.
"სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას [ქრისტეს] და შეიძლება ითქვას, თითქოს მოხდა ხალხში საოცარი გამონათება. ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს. ასეთი გამონათება, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ყოველი ჩვენგანის სულში. შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი მადლიერების, სიყვარულის გრძნობაში. ეს არ იყო მხოლოდ ილია მეორის პიროვნების დაფასება, არამედ პირველყოვლისა იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებების ერთგულების გამოვლინება, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა", - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.
