იტალიაში, ცნობილი კლდის წარმონაქმნი, რომელიც "შეყვარებულთა თაღის" სახელით იყო ცნობილი, ვალენტინობის დღეს, რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმისა და ქარის შემდეგ ჩამოინგრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, აპულიას მელენდუნიოში, სანტ’ანდრეას კლდის წარმონაქმნი ხელის თხოვნისთვის პოპულარული ტურისტული ადგილი იყო და ადრიატიკის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა იყო.

"ეს ვალენტინობის არასასურველი საჩუქარია", - განუცხადა მელენდუნიოს მერმა მაურიციო ჩისტერნინომ ადგილობრივ მედიას და დასძინა, რომ "ეს რეგიონისა და ტურიზმისთვის ძალიან ძლიერი დარტყმა იქნება".

ცნობისთვის, გამვლელებმა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის ჩამონგრევა პირველად კვირა დილით შენიშნეს, მედიაში კი, ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.