აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიის მთავრობას "ავადმყოფი ადამიანი მართავს".
"ჩვენ გვყავს ძალიან ავადმყოფი მეზობელი, ის მეზობლად შეიძლება, ჩაითვალოს და ეს არის ვენესუელა. კოლუმბიაც ძალიან ავადაა. მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აკეთებს და შეერთებულ შტატებში ყიდის. ის დიდხანს არ გააკეთებს ამას. მას აქვს კოკაინის ქარხნები და ფაბრიკები. დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას", – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა, ჩაატარებს თუ არა შეერთებული შტატები ოპერაციას კოლუმბიაში.
"კარგად ჟღერს ჩემთვის. იცით რატომ? რადგან ისინი ბევრ ადამიანს კლავენ", - უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 3 იანვარს, ოპერატიული დანიშნულების დანაყოფმა "დელტამ", კარაკასში, თავის ცოლთან ერთად, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა. ახლა კი, ორივე ბრუკლინის ციხეში, სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.
ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და მისი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენების შეთქმულება - ბრალის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია. ცნობილია დონალდ ტრამპის პოზიციაც: მადუროების ვენესუელაში დაბრუნება არ მოხდება, ვიდრე ისინი სასჯელს ამერიკის ციხეში სრულად არ მოიხდიან. ასევე, შტატები გადაწყვეტს იმ გუნდის შემადგენლობას, რომელმაც ვენესუელას გარდამავალ პერიოდში უნდა უხელმძღვანელოს.
