უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, უკრაინა ამჟამად ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის და გაწევრების პროცესი, საერთო წესების მკაცრი დაცვით, დაჩქარებული პროცედურების გარეშე უნდა წარიმართოს.

კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას, მადიარმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას უნგრელი უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო და კულტურული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით.

"ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვდით, რაც თითოეულ ადამიანს ეკუთვნის - შესაძლებლობას, გამოიყენოს საკუთარი ენა. უკრაინა ამას დათანხმდა და მიიღო შეთანხმება, რომელშიც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ხდება," - განაცხადა მადიარმა.

ასევე, მადიარის თქმით, ბუდაპეშტის პოზიცია უცვლელია, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი მხოლოდ ქვეყნის რეალური მიღწევებისა და შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. გამონაკლისი ან დაჩქარებული პროცედურები კი დაუშვებელია.

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერები ცდებიან, როდესაც უკრაინას გაწევრების დაჩქარებულ პროცესს ჰპირდებიან.

"უკრაინა, ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება, აშკარად არ არის მზად ევროკავშირში გაწევრებისთვის, იმის მიუხედავად, თუ რას შეიძლება დაჰპირდნენ მას ევროკავშირის ან წევრი ქვეყნების ლიდერები,"-  აღნიშნა მან.

მადიარის განცხადებით, ილუზორული დაპირებების გაცემა და ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური მიზეზებით გამორჩევა, ორმაგი თამაშია.