მექსიკის უსაფრთხოების მინისტრმა, ომარ გარსია ჰარფუჩმა განაცხადა, რომ კვირას, "ხალისკოს ახალი თაობის" ლიდერის სიკვდილის შემდეგ, კარტელების თავდასხმების შედეგად 25 ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი და ერთი უსაფრთხოების თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, რომელიც "ელ მენჩოს" სახელით იყო ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ცნობილი ნარკოკარტელის, "ხალისკოს ახალი თაობის" (CJNG) ლიდერი იყო.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "ელ მენჩო" დააკავეს, რის შემდეგაც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სპეცოპერაცია ხალისკოს შტატის ქალაქ ტაპალპაში, მექსიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჩაატარა.

მექსიკის თავდაცვის მინისტრმა, რიკარდო ტრევილიამ ორშაბათს განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ოსეგუერას დაკავება შეძლეს, მისი რომანტიკული პარტნიორისგან მიიღეს. აშშ-ს 15 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაპატიმრებას გამოიწვევდა.

"ელ მენჩოს" სიკვდილმა მექსიკაში ძალადობის ტალღა გამოიწვია - კარტელის წევრები გზებს ბლოკავდნენ, მანქანებს წვავდნენ და საპასუხო თავდასხმებს ახორციელებდნენ.

ელ მენჩოს სიკვდილმა "ხალისკოში ხელისუფლების წინააღმდეგ 27 ლაჩრული თავდასხმა“ გამოიწვია, განაცხადა ომარ ჰარფუჩმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ კარტელის 30 წევრი და ერთი გამვლელი დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, შვიდ შტატში, სულ მცირე 70 ადამიანი დააკავეს.