ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა პირველი მარტიდან ეკრძალებათ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია რომ მთავრობამ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების შრომითი ინტერესები.
პრემიერის განკარგულებაში გაწერილია ის პროფესიები და შრომითი/ სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.
საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებაზე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა. აღნიშნული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს.
"განსაზღვრულია ის სექტორები, სადაც უცხოელები ვერ დასაქმდებიან, ან შესაბამისი კვოტებით დასაქმდებიან. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის დასაქმებას. იმ სექტორში, სადაც გვაქვს გამოწვევა კვალიფიციური მუშა ხელის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი [კვალიფიკაციის მქონე] უცხოელები ჩამოვიდნენ ჩვენთან", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
