საფრანგეთში, ავიაკომპანია Air France-ის თვითმფრინავი, რომელიც მარტინიკა-პარიზის რეისს ასრულებდა, ძრავის გაუმართაობის გამო, აფრენიდან რამდენიმე წუთში, იძულებული გახდა აეროპორტში დაბრუნებულიყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 469 ადამიანიდან არცერთი არ დაშავებულა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ძლიერი ხმა გაისმა და ცეცხლის ალი გაჩნდა, რის გამოც თვითმფრინავი ფორ-დე-ფრანსის აეროპორტში დაბრუნდა.

თვითმფრინავის კაპიტნის, რიჩარდ რეკლუს თქმით, მარჯვენა ბორტის ძრავამ არასწორად მუშაობა დაიწყო, რაც ძრავაში ჰაერის ცუდი ცირკულაციით იყო გამოწვეული და ეკიპაჟი იძულებული გახდა, შესაბამისი პროცედურებისთვის მიემართა.