ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.
ჰეზბოლამ იერიში ჩრდილოეთ ისრაელზე მიიტანა - აღნიშნული ქმედება დაჯგუფებამ ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე პასუხად შეაფასა.
თავის მხრივ, ისრაელი და აშშ განმარტავენ, რომ ირანთან დადებული დროებითი ზავი ლიბანზე არ ვრცელდება. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ თეირანმა შეთანხმების პირობები არასწორად გაიგო და ვაშინგტონს მსგავსი პირობა არასდროს მიუცია.
პარალელურად, ირანის საგარეო უწყება აშშ-ს არჩევანის წინაშე აყენებს და აცხადებს, რომ ბურთი ახლა ვაშინგტონის მოედანზეა. აბას არაღჩის თქმით, ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს - სურს ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება.
შეგახსენებთ, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მხარეებმა ხვალ ისლამაბადში უნდა იმსჯელონ.
