რუსეთში, ირკუცკის ოლქის ქალაქ ბაიკალსკში, დაბადების დღის წვეულება საშინელ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. 17 წლის მოზარდმა, ოთხი თანატოლი დანით მოკლა, სახლს ცეცხლი წაუკიდა და თავადაც დაიწვა.

მედიის ცნობით, დაღუპულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის იყო. დაჭრილია კიდევ 4 მოზარდი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი  იტყობინება, არასრულწლოვანთა ჯგუფი, კერძო სახლში, წვეულების გასამართად შეიკრიბა. "რაღაც მომენტში, ერთ-ერთი მათგანი დანით თავს დაესხა დამსწრეებს", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ, მოზარდმა სახლს ცეცხლი წაუკიდა და თვითონაც დაიწვა. მედიის ცნობით, წვეულებაზე 14 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, თუმცა მათი ნაწილი სახლში ღამის გასათევად არ დარჩენილა.

როგორც მედია იუწყება, მოსწავლეებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 წლის მოზარდმა 14 წლის გოგონას შევიწროება სცადა. გოგონამ მას წინააღმდეგობა გაუწია, სხვები კი მას გამოესარჩლნენ, რამაც მხარეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ამის შემდეგ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოზარდი, თანატოლებს დანით თავს დაესხა.