საბერძნეთი ევროკავშირის ახალ, 21-ე სანქციების პაკეტს ეწინააღმდეგება. ათენის უკმაყოფილება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის აკრძალვამ გამოიწვია - ამის შესახებ The Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ათენი ცდილობს დაიცვას ბერძნული გადაზიდვების კომპანია Dynagas, რომელიც მაგნატ ჯორჯ პროკოპიუს ეკუთვნის. საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში კოლეგებს პირდაპირ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სანქციები კომპანიას "გაანადგურებდა".
Dynagas ამჟამად 27 თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდ ტანკერს მართავს, მათ შორის, ყინულმჭრელი კლასის Arc7-ის ტიპის ტანკერებს, რომლებიც არქტიკაში, "იამალის" თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის მახლობლად ექსპლუატაციისთვისაა განკუთვნილი.
როგორც საერთაშორისო მედიასაშუალებები მანამდეც იტყობინებოდნენ, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეზღუდვა ახალი სანქციების პაკეტის გარშემო გამართული მოლაპარაკებების ყველაზე რთულ და სადავო საკითხად რჩება. ვინაიდან სანქციების დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, საბერძნეთის პოზიციამ მთელი პროცესი ჩიხში შეიყვანა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ შედგა.
"რა თქმა უნდა, წევრ ქვეყნებს სხვადასხვა მიზეზი აქვთ [მისი წინააღმდეგობისთვის]. ჩვენი მიზანია, შეთანხმებას მივაღწიოთ. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ "გეგმა B-ზე მუშაობას დავიწყებთ. თუმცა ამჟამად ოთხშაბათისთვის „გეგმა A-ზე ვმუშაობთ", – აღნიშნა კაია კალასმა.
