ამერიკამ ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური ბერკეტები და ინსტრუმენტები აამოქმედა. სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ 60 ფიზიკურ პირს, კომპანიას და გემს.

ზომები ირანის ეკონომიკის ხუთ სექტორს, ციფრულ აქტივებს, ოქროს, ტექნოლოგიებს, ავიაციას და საზღვაო გადაზიდვებს მოიცავს.

სახაზინო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ სუბიექტები, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში დაეხმარებიან, დოლარის სისტემიდან გაითიშებიან.

"აშშ-ის სანქციებს ვერავინ გაექცევა. ყველა, ვინც იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ირანულ ნავთობს ფულად და რეპრესიებად გარდაქმნის, ჩვენი სამიზნე გახდება. მიგვაჩნია, რომ ქვეყნებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა კულუარული დიპლომატიაა. ამიტომ, ყველა სახელმწიფოსთან ღია კომუნიკაციას ვაწარმოებთ და ჩვენს მოლოდინებს მკაფიოდ ვაცნობთ. ვიცით, ვინ არიან ისინი და მათაც იციან, რომ მათ შესახებ ვიცით. შესაბამისად, როდესაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ძალა დაატყდებათ თავს, საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებენ", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

საპასუხო ზომები დააანონსა თეირანმა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, შტატები საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, იძულებას და დაშინებას იყენებს, რათა ქვეყნებს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა აიძულოს.

"შეერთებული შტატები, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, იძულებას და დაშინებას იყენებს, რათა ქვეყნებს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა აიძულოს. ეს ყველა ქვეყნისთვის გაფრთხილება უნდა იყოს", - განაცხადა ესმაილ ბაღაიმ.