"უკრაინა ცნობილი იქნა კონვენციის დამრღვევად საქმეზე, როდესაც ერთ-ერთ იურიდიულ პირს დააკისრა სანქციები და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ასე ყოველგვარი მტკიცებულებების, შესაბამისი სასამართლო კონტროლის გარეშე სანქციების იარაღად გამოყენება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ქვეყანამ დაუსაბუთებლად დაკისრებული სანქციებით იურიდიული პირის უფლებები დაარღვია.

 

"ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ არის ისტორიული. უკრაინა ცნობილი იქნა კონვენციის დამრღვევად საქმეზე, როდესაც ერთ-ერთ იურიდიულ პირს დააკისრა სანქციები და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ასე ყოველგვარი მტკიცებულებების, შესაბამისი სასამართლო კონტროლის გარეშე სანქციების იარაღად გამოყენება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.

გარდა იმისა, რომ იმსჯელა კონკრეტულად ამ საკითხზე უკრაინასთან დაკავშირებით, ზოგადი მსჯელობაც არის სანქციებთან დაკავშირებით და ეს არის სწორედ ამ მხრივ ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც ფაქტობრივად ამხილა სტრასბურგის სასამართლომ, და ამბობს რომ დეფინიციაც კი აღარ არსებობს, იმდენად აჭრელდა საერთაშორისო სცენა სანქციებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან. ის, რაც ადრე იყო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს პრეროგატივა, დღეს ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ გაიადვილონ საქმე და პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ სანქციის ინსტრუმენტი, სასამართლოს გვერდის ავლით, მტკიცებულების სტანდარტის გვერდის ავლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტის გვერდის ავლით, ასე სახელისუფლებო დეკრეტებით, ადამიანებს ფაქტობრივად უზღუდავენ საკუთრების უფლებას, აქრობენ საფინანსო სისტემიდან და ა.შ. ეს გადაწყვეტილებაც არის იმის დასტური, რომ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ეს გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევები არიან", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.