კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია და არასამთავრობოები ერთიანი გეგმით, ერთი მიზნისთვის მოქმედებენ - ასე აფასებს მმართველი გუნდი საიას გადაწყვეტილებას, რომელმაც პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მეგობრის მოსაზრება შეიტანა. ტექსტის ავტორები აქცენტს აკეთებენ სარჩელის უსაფუძვლობაზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რაც მათი აზრით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ახლა ხდება იმის ლუსტრაცია, რაზეც მმართველი გუნდი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა. მისი განმარტებით, საია და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი ჯგუფია, რომელიც ამ წლების განმავლობაში აგენტურულ დაკვეთას ასრულებდა.
"ჩვენ რასაც ვამბობდით იმის ლუსტრაცია ხდება ახლა, რომ საია და დანარჩენი უსამშობლოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მდიდარი ენჯეოები - ეს ყველაფერი იყო კოლექტიური "ნაცმოძრაობა". კი ცდილობდნენ, რომ გამიჯვნოდნენ ერთმანეთს და დღეში სამჯერ უარყოფდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, ქართველმა ხალხმა იცოდა, რომ ესენი თავიდან ბოლომდე კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არიან მთელი თავისი სტრუქტურებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებით და მათი ახალი პარტიებით.
ეს არის ლუსტრაცია, ბუნებრივია საიამ უნდა დაიცვას "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ერთნი არიან, ერთმანეთი გამოზარდეს. ესენი არიან ერთი ჯგუფი, რომელიც ერთ აგენტურას წარმოადგენენ და მთელი ამ წლების განმავლობაში დაკვეთას ასრულებენ. ახლა ეტყობა ახალი გრანტი მიიღეს, რათა დაიცვან ეს მწვალებელთა პარტია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
