ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ საავადმყოფოში მოინახულა მამაკაცი, რომელმაც სიდნეიში ტერორისტი შიშველი ხელებით გაანეიტრალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"აჰმედ, შენ ავსტრალიელი გმირი ხარ. შენ შენი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე, რათა სხვები გადაგერჩინა. ყველაზე ბნელ დროსაც კი, ჩვენ ავსტრალიელებში საუკეთესოს ვხედავთ და ეს ზუსტად ისაა, რაც კვირა საღამოს ვნახეთ. ყველა ავსტრალიელის სახელით მადლობას გიხდით", - თქვა ალბანეზემ.
ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, აჰმედს რომ არ გაენეიტრალებინა მსროლელი, სიდნეიში მომხდარ თავდასხმას უფრო მეტი მსხვერპლი ეყოლებოდა.
ავსტრალიაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 წლის ბავშვია. 24 ადამიანი საავადმყოფოში რჩება: სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხუთი კი - კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში რჩება.
