"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და პარტიაში არსებულ კულუარულ მმართველობას აკრიტიკებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, წითლიძე ეთანხმება სააკაშვილს, რომ მოქმედმა მენეჯმენტმა თავი ამოწურა და ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ენმ მანამ იქნება მუდმივ კრიზისში, სანამ გადაწყვეტილებებს ვიწრო წრეში მიიღებენ, უმრავლესობა კი ამას სოციალური ქსელით იგებს.
წითლიძის განცხადებით, საჭიროა არა სახელების, არამედ თამაშის წესების შეცვლა და ნამდვილი შიდა დემოკრატიის დამყარება.
"პ/ს აქვე განვმარტავ რომ მე ცვლილებების მომხრე ვარ და არა სტატუს ქვოს შენარჩუნების. კი, არსებულმა მენეჯმენტმა ამოწურა თავი.
არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ეს არ ეხება ნანუკას მოსვლას ან თინას "წასვლას"
ეს „ენმ-ს" ზოგადი სიმპტომია: სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო.
წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რისი წინააღმდეგიც ვიყავი, ან რაზეც არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება — სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.
ამის შანსი „ენმ-ს“ ახლა აქვს და იმედია, გამოიყენებს. საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა, გამჭვირვალობა, ამომრჩევლისა და პარტიის წევრების რეალური მონაწილეობა პარტიის საქმიანობაში და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება. თუ ამას გავაკეთებთ, წინ წავალთ, თუ არა — ისევ იმავე წრეზე ვივლით," - წერს ანი წითლიძე სოციალურ ქსელში.
