საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის ქრონიკების ერთ-ერთი სერიაა.

"ოპოზიცია ისევ კომედიურ ჟანრში მიდის. ამას დავარქმევდი მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს და სათაურს ერთ-ერთი სერიის "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას". როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას საზოგადოება ნახავს. ამაზე მეტი კომენტარი არ მგონია სერიოზული იყოს", - განაცხადა კირცხალიამ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარეობაზე მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ გამოწვევას გაუმკლავდეს.

პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის პოზიციის შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო, რაც მოულოდნელი იყო და უკიდურესად სამწუხარო.