სახელმწიფოს პოზიციაა, რომ უკანონო მიგრანტები ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამკაცრდა საიმიგრაციო პოლიტიკა და ასევე საქართველოს პარლამენტმა, დამატებით, შრომის მიგრაციასთან და შრომის ნებართვებთან დაკავშირებული ცვლილებებიც მიიღო.
"ცალკე დანაშაულისა და ცალკე სახდელის სახით არის ქვეყნიდან გაძევების სახდელები, პასუხისმგებლობის ზომები. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვალა, ამავდროულად, პრაქტიკაშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უკანონო მიგრაციას, საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია და აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ასევე არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვისაც. საქართველოს პარლამენტმა დამატებით, ზუსტადაც რომ შრომის მიგრაციასთან და შრომის ნებართვებთან დაკავშირებული ცვლილებებიც მიიღო. საერთო ჯამში, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ უკანონო მიგრანტები ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყვნენ.
ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით საკუთარი ჯიბეები მოითბონ და საქართველოში შემოიყვანონ უცხო პირები კანონის აბსოლუტური დარღვევით, რა თქმა უნდა, მათ მიმართაც პასუხისმგებლობები იქნება უმკაცრესი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.