აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხში ნატოს ჩართულობის გაზრდას შეძლებენ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია ირანის ომთან დაკავშირებით ნატოს ალიანსის რეაქციებით. თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს ქვეყნებსა და მათ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის სხვა სფეროების პოვნას შეძლებენ.

"გულწრფელად რომ ვთქვა, პრეზიდენტმა გამოთქვა იმედგაცრუება ზოგიერთი ნატოელი მოკავშირის და მათი რეაგირების მიმართ ახლო აღმოსავლეთში ჩვენს ოპერაციებზე. ეს კარგად არის დოკუმენტირებული, საჭიროებს განხილვას და ეს დღეს არ გადაწყდება ან მოგვარდება. ეს არის საკითხი, რომელიც ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ. ამასობაში, არსებობს სხვა სფეროებიც, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას", - თქვა რუბიომ.

ამასთან, რუბიომ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე მიუთითა პოლონეთში 5 000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია.

"თქვენ ნახეთ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება პოლონეთთან და ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით. თუმცა, ცხადია, რომ შეერთებულ შტატები კვლავ აგრძელებს გლობალური ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მან უნდა აღასრულოს თავისი ძალების განლაგებასთან დაკავშირებით. ამისათვის, ჩვენი მხრიდან საჭიროა ჯარების განლაგების მუდმივად გადახედვა და ეს არ არის სადამსჯელო ზომა", - განაცხადა რუბიომ.