"მე ვერ ვხედავ ნაბიჯებს წინ - მე ვხედავ ევროკავშირისგან საპირისპირო მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს," - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას.
მისივე სიტყვებით, ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან საქართველომ საკუთარი თავი უკრაინისგან და მოლდოვასგან მოწყვიტა.
"ეს წუხილს და იმედგაცრუება იწვევს გერმანიის მთავრობაში. საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვასგან მოწყვიტა, ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან. ჩვენ გვსურს, რომ ეს სამი სახელმწიფო ერთად დაწინაურდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს ასე არ ხდება," - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
გერმანიის ელჩის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო არ აპირებს დაადგეს უკრაინისა და მოლდოვის გზას.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის, მოლდოვის კი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა ქვეყანასთან მიერთებაზე. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სწორედ ამ სცენარისკენ ექაჩებიან და ცდილობენ, საზოგადოება შეაგუონ აზრს, თითქოს ტერიტორიები ტვირთია, დამოუკიდებლობა კი ზედმეტი პასუხისმგებლობა.
