ბრიტანულმა რადიოსადგურმა Radio Caroline-მა, შეცდომით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით რადიომ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა და მომხდარის დეტალები განმარტა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

როგორც Radio Caroline-ი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, არასწორი განცხადება სამშაბათს შუადღისას, სადგურის მთავარ სტუდიაში მომხდარი კომპიუტერული შეცდომის გამო გაკეთდა.

"შეცდომამ გამოიწვია ე.წ. მონარქის სიკვდილის პროცედურა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ყველა რადიოსადგური გამზადებულს ინახავს და იმედოვნებს, რომ ეს აუცილებლობა არ დადგება", - წერს რადიოსადგურის ხელმძღვანელი პიტერ მური.

ცნობისთვის, Radio Caroline-ი 1964 წელს დაარსდა, რათა რადიომაუწყებლობის სფეროში BBC-ის მონოპოლიისთვის წინააღმდეგობა გაეწია.