აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა, რომელშიც ირანთან ომის გაგრძელების შესახებ მათი განსხვავებული შეხედულებები გამოაშკარავდა - ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ეს ბოლო დღეების განმავლობაში მათი პირველი საუბარი არ ყოფილა. როდესაც ორ ლიდერს შორის საუბარი კვირას შედგა, ტრამპმა განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, კვირის დასაწყისში ირანზე ახალ მიზანმიმართულ თავდასხმებს განახორციელებდა.

როგორც CNN-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, ოპერაციას სავარაუდოდ ახალი სახელი - "ურო" ერქმევა.

თუმცა, პირველი საუბრიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ, ტრამპმა გამოაცხადა დარტყმების შეჩერება, რომლებიც, მისი თქმით, სამშაბათისთვის იყო დაგეგმილი და ეს გადაწყვეტილება სპარსეთის ყურის მოკავშირეების, მათ შორის კატარის, საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნით მიიღო.

აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით მედია წერს, რომ მომდევნო დღეებში სპარსეთის ყურის სახელმწიფოები მჭიდრო კონტაქტში იყვნენ თეთრ სახლთან და პაკისტანელ შუამავლებთან მუშაობდნენ ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა შემდგომ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.

"ჩვენ ირანთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ. ვნახოთ, რა მოხდება. ან შეთანხმებას დავდებთ, ან უსიამოვნო დათმობებზე წასვლა მოგვიწევს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეთანხმების მიღწევის მცდელობებზე საუბრისას.

როგორც CNN-ი წერს, მიმდინარე მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერ-მინისტრს აღიზიანებს, რომელიც დიდი ხანია თეირანის მიმართ უფრო აგრესიულ მიდგომას უჭერს მხარს. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ისრაელის წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ შეფერხება მხოლოდ ირანელებს აწყობთ.