კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ებოლას ვირუსით დაავადებულებს მკურნალობდნენ, რის შედეგადაც ორი სამედიცინო კარავი განადგურდა - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ნათესავებმა, მისი ცხედრის კლინიკიდან წაღება ძალის გამოყენებით სცადეს.

მედია ადგილობრივ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილის ნათესავებმა, კლინიკისგან მამაკაცის ცხედრის გადაცემაზე უარის მიღების შემდეგ, შენობას სხვადასხვა საგნები ესროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეპიდემიასთან დაკავშირებული, სულ მცირე 177 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული, ასევე, დაახლოებით 750 ინფიცირების სავარაუდო შემთხვევაა აღრიცხული.

ჯანმოს განცხადებით, ძალადობა ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს.