სამთავრობო კომისია ფასნამატების რეგულირების მიზნით მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები უკვე შეხვდნენ ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე მწარმოებლებს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში, შეხვედრები გაიმართება ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განმარტებით, ისინი ხედავენ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება ფასები შემცირდეს.

"ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება, რომ ფასები შემცირდეს. თუმცა, აუცილებლად ბიზნესის ჩართულობით უნდა მოდეს ეს ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი ხელშეუხებელია ჩვენი მმართველობის პირობებში და ის ასეც დარჩება. თუმცა, აქ უკვე შემოდის სოციალური პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ბიზნესმა მოგება უნდა ნახოს, მაგრამ ეს მოგება არ უნდა ნახოს იმის ხარჯზე, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, შეიძინონ სასურსათო პროდუქცია გაურთულონ ცხოვრება, შესაბამისად რაღაც ოქროს შუალედია დასაჭერი. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ამ შუალედის დაჭერას, რადგან სივრცეს ვხედავთ, სადაც შეიძლება ფასები შემცირდეს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.