POLITICO-მ სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის კვლევის შედეგები გაავრცელა. გამოკითხვის მიხედვით, "ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნებისა და შტატების პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო".
IPSOS-ის შემდეგ, კომპანია FGS Global-ის ახალი კვლევები შეფასების თემაა საქართველოში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრიუსელის ევრობიუროკრატია კრიზისშია, არსებულმა მდგომარეობამ კი მოსახლეობაში ნიჰილიზმი გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მსოფლიოში მძიმე მდგომარეობაა.
"მსოფლიოში არის მძიმე მდგომარეობა და შუაგულ ევროპაში არის უშველებელი ომი, უშველებელი მსხვერპლი. ამ ომის ხელშემწყობი მთავრობები, რომელიც მილიარდობით დოლარს თუ ევროს ხარჯავენ იმისათვის, რათა ამ ომში უპირატესობა მოიპოვონ. რასაკვირველია, ეს განაპირობებს გარკვეულ პესიმიზმსაც, დამოკიდებულებას ხელისუფლებების მიმართ და ეს მიგრაციის უშველებელი ტალღა, რომელმაც შეძრა ევროპა, ესეც თავის გავლენას ახდენს.
თვითონ ევროპის დამოკიდებულება სხვა ქვეყნების მიმართ, ეს არის ჩვენი საფიქრალი. საქართველოსთან დამოკიდებულება მათ შორის, ქმნიან პრობლემას და შემდეგ ამ პრობლემას თავზე გვახვევენ, უამრავ ქართველს ითრევენ ამ პრობლემის შესაქმნელად. ცდილობენ, ასეთი დესტაბილიზაციის პროცესის გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში. ეს ორმაგი სტანდარტი და ხშირ შემთხვევაში უსინდისო დამოკიდებულება საქართველოს და მისი საზოგადოების მიმართ არის მახასიათებელი და, რასაკვირველია, ყველაფერი ეს ჩვენს პატარა სეგმენტში ვხედავთ ამას, მაგრამ ფართო მასშტაბებით, საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის ევროპას", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
