სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

სუს-ი სთხოვს "ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას".

"კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.

უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.

უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.