ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ შტატში, ნიპას ვირუსის აფეთქების შემდეგ, აზიის რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებმა, სანიტარული ზომები და მგზავრების შემოწმება გაამკაცრეს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტაილანდი, ნეპალი და ტაივანი იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის არიან, რომლებმაც, ნიპას ვირუსის საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

ცნობისთვის, ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ შტატში, ნიპას ვირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, ექიმებსა და ექთნებს შორის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 100 ადამიანს თვითიზოლაციაში გადასვლა დაევალა, ინფიცირებული პაციენტები კი დედაქალაქსა და მის შემოგარენში მდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ, მათ შორის, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ნიპა სასიკვდილო ვირუსია, რომლისთვისაც ვაქცინა ან წამალი არ არსებობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს.

ექსპერტების თქმით, ადამიანებში ინფიცირება იშვიათია და, როგორც წესი, ვირუსის გადაცემა ღამურებისგან და ღორებისგან ხდება, თუმცა მისი გადაცემა ასევე შესაძლებელია ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტით.