ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილი წინასასამართლო სხდომის მოლოდინშია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ელისაშვილი ტერორიზმისკენ მიდრეკილი, ძალიან საშიში ადამიანია, რომელიც "ლელოს" ჰყავს შეკედლებული.

"ადამიანი არის მიდრეკილი ტერორიზმისკენ. ამ შემთხვევაში, არ მოვერიდები პირდაპირ შეფასებას, რომ ის არის ტერორისტი. ეს იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ვიდეოკადრები გვაქვს ჩვენ ნანახი და სასამართლო გადაწყვეტილებას ყოველთვის ველოდებით ხოლმე, მაგრამ ჩვენი თვალით რაც ვნახეთ, პირველ შემთხვევაზე სხვათა შორის, უარი არც უთქვამს - კი ბატონო, გადაწვას ვაპირებდიო. ძალიან საშიში ადამიანია და "ლელოს" ჰყავს შეკედლებული. "ლელო" ისედაც რადიკალური პარტიაა და ესეც ამაზე მეტყველებს. საერთო ჯამში, "ალდეს" ჯგუფის წევრები არიან და ვისურვებდი, რომ "ალდემაც" დაატოვებინოს თავისი რიგები", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საგამოძიებო უწყება "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდს ედავება. საუბარია 2025 წლის 4 მაისს ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, არქივის შენობაში შეღწევის მცდელობაზე, რა დროსაც პოლიტიკოსმა არქივის ოთახში ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება შეაგდო, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.

ალეკო ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.