ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია ომის თემაზე - ნიკა გვარამია ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ამტკიცებს, რომ უკრაინა ომის შემდეგ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას მიიღებს, საქართველო კი ვერაფერს.
რა ღირს გვარამიასთვის ქვეყნის მშვიდობა და ადამიანების უსაფრთხოება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველოში არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ხარჯზე, ომით ხელის მოთბობა უნდათ და მათთვის სიკვდილისა და ნგრევის კომპენსაცია ფულია.
"ნათქვამია, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო, ეს ხალხი ფინანსებზე და ფულზე ფიქრობს, როგორც 2008 წლის ტრაგედია და ომი გადაიტანეს იმ მიგდებული 4-მილიარდით, რომლითაც დაამშვიდეს საკუთარი სინდისი.
ასე უყურებენ, ტრილიონები შეხვდება უკრაინას და ჩვენ არაფერი არ შეგხვდება იმიტომ, რომ არ ვიომეთ, ჩვენი სოფლები, ქალაქები არ დაინგრა და ხალხი არ დაიხოცა. ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები სწორედ ამიტომ გვექაჩებოდნენ ომში, ისინი, ვინც მაშინ პარლამენტის შიგნით იყვნენ და ისინი, ვინც გარეთ იყვნენ – "ენჯეოები", რომლებიც დემონსტრაციებს აწყობდნენ, ჩვენი მებრძოლები რომ გაგვეგზავნა უკრაინაში. გვითრევდნენ ომში, რომ ბოლოს მილიონებზე, მილიარდებზე, თუ ტრილიონებზე ჰქონოდათ წვდომა.
თავადვე განაცხადა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც სურდათ საქართველოში ომი, იმისთვის, რომ შემდგომ ფინანსურად ხელი მოეთბოთ ამ ყველაფერზე.
ეს საკუთარი თავის მხილებაა იმაში, რასაც დიდი ხანია ვხედავდით, ასე უყურებენ 2008 წლის ომსაც. მიიღეს ოთხი მილიარდი და ამით იყვნენ ბედნიერები. რაიმე ჩაანაცვლებს იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ ომში?! როგორც ჩანს, გვარამიასა და მისი პოლიტიკური თანამოაზრეების თვალში სიკვდილისადა ნგრევის ჩამნაცვლებელი ფულია. ფულად უღირთ ყველაფერი.
ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ნგრევისთვის, ქალებს და ბავშვებს სიკვდილისთვის სწირავდნენ, რათა შემდეგ ფული ჰქონოდათ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
