პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო რუსეთთან ბრუტალურ დაპირისპირებაში ჩაერთოს და სამომავლოდ გარკვეული დივიდენდები მიიღოს.
ოპონენტების მხრიდან ომის თემაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზადაა, ქვეყნის ნგრევის ხარჯზე უცხოელი პარტნიორების მარიონეტი გახდეს.
"ამ ფორმულის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის ერთი მთავარი თემა, რომ საქართველო ბრუტალურ დაპირისპირებაში უნდა ჩაერთოს რუსეთის ფედერაციასთან, რათა შემდგომ, როცა რუსეთი დამარცხდება, მიიღოს გარკვეული დივიდენდი. რეალურად, გარდა საქართველოს ნგრევის პერსპექტივისა, დღევანდელ დღეს ეს უნდა განვიხილოთ როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუკი ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მზად არიან დაყვნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის შეფასებები ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. გვარამიას თქმით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას მიიღებს, მაშინ როცა საქართველო მსგავსი რესურსის გარეშე დარჩება. "ქართულ ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის მთავარი ფინანსური სარგებელია და მათთვის ქვეყნის უსაფრთხოება მეორეხარისხოვანია.
