საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე არ გამოხმაურებია ბრალდებებს რადიკალური აქტივისტების წახალისების შესახებ. მმართველი გუნდი პაველ ჰერჩინსკისა და აქტივისტების შეხვედრებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროპელი დიპლომატი სიძულვილის ენის და ძალადობის წახალისებას ცდილობს.
აქტივისტები კი, რომლებსაც ის ორი დღის წინ გურიაში შეხვდა, სოციალურ ქსელში, სწორედ რადიკალური, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამოირჩევიან. მათ შორის არის ანანო ცინცაბაძე, რომელიც "სოლიდარობის ფონდ "პიელ საქართველოს" წევრია. ფონდი პოლონეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და უარს ამბობს ქართული ფარა-ს ანალოგში რეგისტრაციაზე.
საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედება საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა.
"მოგეხსენებათ, ეს ე.წ. პროტესტი ძირითადად არის უცხოეთიდან დაფინანსებული, ეს ფონდები უდგანან სათავეში, რომლებიც მათ შორის, ევროკავშირის თანხებით აფინანსებენ ამ ე.წ. პროტესტს.
ეს პროტესტი გამოირჩევა პოლარიზაციის, ზიზღის ენით. ასეთი ვიზიტი და ზიზღის ენის პროპაგანდისტებთან შეხვედრა, არის ერთგვარი წახალისება და დაცვის, იმუნიტეტის მინიჭების მცდელობა - "ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენთან ვართ, შეგიძლიათ ეს ზიზღის ენა, ბულინგი გააგრძელოთ, საქართველოში პოლარიზაცია გააგრძელოთ, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ", სამწუხაროდ, ამის დემონსტრირებას ახდენენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.