პოლიტიკური შეფასებების თემაა "კურიერი P.S.-ის" ექსკლუზივი, ინფორმაცია, რომელიც გიორგი გახარიას, მის გადაწყვეტილებებს და ქონებას ეხება. მოპოვებულ დოკუმენტებში საუბარია ექს-პრემიერის და მისი ოჯახის შემოსავლებზე, ქონებრივ დეკლარაციებსა და პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდების ფაქტებზე. ირკვევა, რომ გახარიას ოჯახმა, პარიზში ბინა დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროდ იყიდა. მოგვიანებით, ქონებრივ დეკლარაციებში გამოჩნდა ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთებიც, სახლები ამაღლების ქუჩასა და წავკისში კი ოფიციალურ დოკუმენტებში აღარ ფიქსირდებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება, რადგან მსგავსი ქმედებები გიორგი გახარიასგან მოსალოდნელია.

"გახარია რომ ცნობილი მატყუარა და მოღალატეა, ამას ბევრი სჯა-ბაასი არ სჭირდება. მისი ნათქვამი ფრაზებიდან, მის მიერ დახასიათებული პოლიტიკური ვითარებიდან, ძალიან მცირე პროცენტი თუ აღმოჩენილა სიმართლე. ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს. ამიტომ, მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირდა, იყო კონკრეტული და უდიდესი გამოწვევები მსოფლიოს წინაშე და მაშინ, როდესაც სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან უნდა ყოფილიყო გამოკვეთილი ზრუნვა ქვეყნის კეთილდღეობასა და პრობლემების გადაწყვეტაზე, აღმოჩნდა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თურმე იძენს სახლებს საზღვარგარეთ, არც საქართველოში არ აკლებს უძრავი ქონების შეძენას და ხელგაშლილად ხარჯავს საკუთარი მიზნებისთვის ფულს. ეს რაზეც მეტყველებს, საზოგადოება ძალიან კარგად იცის - უპასუხისმგებლო და, ამავდროულად, ფუფუნებაზე ორიენტირებული პარტიის ხელმძღვანელია გიორგი გახარია და საით აქვს სურვილი ქვეყანა წაიყვანოს, ეს, ბუნებრივია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.