ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასა და სახელმწიფო გადატრიალების ჩავარდნილ გეგმას "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ეს იყო "გარე პატრონების მხრიდან დაწერილი პროპაგანდისტული სცენარი", რომლის შეუსრულებლობის გამოც დაპირისპირება მოსალოდნელიც იყო.
მმართველი პარტიის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია თავის როლს ქვეყანაში ვერ ასრულებს და მათი განზრახვა სამშობლოსთვის ზიანის მიყენებაა.
"გაერთიანდნენ გარკვეულ პროპაგანდისტულ პლატფორმაზე, რომელიც გარედან დაუწერეს. ვერ განავითარეს სცენარი და, ასეთი ჩაფლავებული სცენარის გამო, დაპირისპირება მოსალოდნელიც იყო და იქნება საკმაოდ მწვავე მომავალშიც.
ქვეყანაში ოპოზიცია თავის როლს უნდა ასრულებდეს, სტიმულატორი უნდა იყოს შეჯიბრებითობის. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს უსამშობლოთა ბრიგადა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არიან შეთქმულები," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სასახლეზე უშედეგო შტურმის, ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილ გეგმას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები, "ლელო", ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბერსვე გაემიჯნენ.