"კურიერის" ინფორმაციით, "ლელო" და გახარიას გუნდი მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს 31 ივლისს წარადგენენ. პრეზენტაციისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.

პარტიებში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა "ლელოში" ადასტურებენ, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

"არაფერს არ გამოვრიცხავ და არც ვადასტურებ. გითხარით, რომ ვმსჯელობთ. ძალიან საინტერესო პროცესი გვაქვს მსჯელობის და ძალიან მალე შევატყობინებთ საზოგადოებას, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ის [ალეკო ელისაშვილი] არის ერთ-ერთი ძლიერი, პოტენციური კანდიდატი. მას აქვს ძალიან სოლიდური მხარდაჭერა თბილისში, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. ის არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენი კანდიდატები იქნებიან აპრიორი პარტიული ან აპრიორი - არაპარტიული. ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია და სხვა კოლეგებსაც მინდა მოვუწოდო, ფოკუსი გაასწორონ", - განაცხადა ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ.

"კურიერმა" ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა. მაშინ ამ ინფორმაციას ორივე პარტიაში კატეგორიულად უარყოფდნენ.