ცდილობენ დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენონ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ კამპანიის უკან მამუკა ხაზარაძე დგას. მისივე თქმით, სასამართლო საქმეს განიხილავს და ჭეშმარიტებას დაადგენს.

"ამ დეზინფორმაციის წყარო არის მამუკა ხაზარაძე - მისი ტელევიზიაა, რომ აწყობს ასეთ თეორიებს. ცნობილი არის, რომ ბანკი "ქართუ" არის საქველმოქმედო ორგანიზაციის განკარგულებაში და ყველა მისი შემოსავალი სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის მიემართება. თუმცა, მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც თაღლითობისთვის არის გასამართლებული და ქონება მევახშეობით აიწყო, ქველმოქმედება რა არის გაუგებარია. ამიტომ ის ცდილობს, რომ რამენაირად ასეთი დეზინფორმაციით და ტყუილით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს. ამიტომაც არსებობს სასამართლო, ხელის გულზე დევს ის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ტელევიზია ავრცელებს. ასე რომ ამას განიხილავს სასამართლო და ჭეშმარიტებას დაადგენს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბანკი "ქართუ" "TV პირველს" სასამართლოში უჩივის. დღეს ბანკში პირველი განმარტება გაკეთდა. "ქართუში" აცხადებენ, რომ მიზეზი დეზინფორმაციის გავრცელებაა. მათი განმარტებით, სვიფტთან დაკავშირებით ნებისმიერ დეზინფორმაციულ საკითხზე ბანკი ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. ტელეკომპანია კი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საჩივარი ბანკის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებად მოხსენიების გამო დაიწერა, რაც, მათი თქმით, ტყუილია. ბანკში ამბობენ, რომ "ქართუ" არა რომელიმე კერძო პირის, არამედ საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" საკუთრებაა, მისი მოგება კი სრულად საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება.