კანადელი მეცნიერების განმარტებით, აქამდე აღმოუჩენელმა ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილმა, ე.წ. ნაპრალმა, ჩრდილოეთ ამერიკაში შესაძლოა კატასტროფული მიწისძვრები გამოიწვიოს, რაც დააზიანებს ინფრასტრუქტურას, გამოიწვევს მეწყერს და ალასკიდან მონტანამდე ათასობით ადამიანს დააზარალებს. 

ბრიტანეთის კოლუმბიის, ვიქტორიას უნივერსიტეტის გეოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Geophysical Research Letters-ში  გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ახლახანს აღმოჩენილი სახიფათო სტრუქტურა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო.

"ეს ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ის ჩუმად ემზადებოდა პოტენციურად ძალიან დიდი მიწისძვრისთვის", - განუცხადა Daily Mail-ს ალასკის მიწისძვრის ცენტრის სეისმოლოგმა, დოქტორმა მაიკლ ვესტმა.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ნაპრალის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში და ეს უნდა შეიცვალოს", - დასძინა მან.

სეისმური სტრუქტურა, რომელსაც "ტინტინას" ნაპრალი ეწოდება, იუკონის გასწვრივ 10000 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული, ბრიტანეთის კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალასკამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ტექტონიკური ურჩხული თავისი არსებობის განმავლობაში თითქმის 450 კილომეტრით გადაიხარა, მეცნიერები თვლიდნენ, რომ 1912 წელს, აღმოჩენის დროს, ის 40 მილიონი წლის განმავლობაში მიძინებულ მდგომარეობაში იყო. როგორც ჩანს, მეცნიერების ადრინდელი გამოთვლები არასწორია.

SciTechDaily-ის ცნობით, თანამგზავრების, თვითმფრინავებისა და დრონების ტოპოგრაფიული სურათების გამოყენებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს 130 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი, რომელიც კანადის ქალაქ დოუსონ-სიტიდან სულ რაღაც 19 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და რომელსაც იმ ძლიერი მიწისძვრების ნიშნები ეტყობა, რომლებიც ბოლო 2.6 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარა და დღემდე გრძელდება.

მეცნიერების განმარტებით, "ტინტინას" ნაპრალი წელიწადში 0.2–0.8 მილიმეტრით დეფორმაციას განიცდის, რაც მიუთითებს, რომ შესაძლოა ძლიერი სეისმური მოვლენა ახლოვდება.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ "ტინტინას" ნაპრალში მომავალი მიწისძვრების სიმძლავრემ შესაძლოა 7,5 მაგნიტუდას გადააჭარბოს", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.