კიდევ ერთი აღიარება და დასტური, რა მიზნით ხდება პარტნიორი ქვეყნების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. მარგუს ცახკნამ უკრაინის ომის კონტექსტში პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა ევროპისთვის დროს იგებს და დღეს ევროპას უკრაინა უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით.
"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ეს აღიარება ნათლად აჩვენებს იმ ცინიკურ მიდგომას, რომლის მსხვერპლადაც საქართველოს გადაქცევასაც ცდილობდნენ. გარკვეული ძალების სურვილი, ქვეყანა ომში ჩაეთრიათ, სწორედ ამ ლოგიკას ეფუძნებოდა - საქართველო საკუთარი სტრატეგიული მიზნებისთვის გამოეყენებინათ და ხალხი სხვისი "დროის მოსაგებად“ გაეწირათ.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველო და უკრაინა "უნდა შეწირვოდნენ ზვარაკად ომს იმისთვის, რომ ცაჰკნებს და მის დანარჩენ მოტრფიალეებს მშვიდად დაეძინათ თავიანთ ქვეყნებში".
"მთელი ევროკავშირის ბიუროკრატია იმ ინტერესებშია, რა ინტერესიც აქვთ უკრაინის ომთან მიმართებაში. მათ ინტერესშია ომის გახანგრძლივება და ამას მოგვიწოდებდნენ ჩვენ. ანუ ჩვენ უნდა დაგვეღალა რუსეთი აი, ამ ომში - საქართველო და უკრაინა უნდა შესწიროდნენ ზვარაკად იმისთვის, რომ ცაჰკნებს და მის დანარჩენ მოტრფიალეებს მშვიდად დაეძინათ თავიანთ ქვეყნებში და, ბუნებრივია, ამას ჩვენ არ გავატარებდით", - განაცხადა ზარქუამ.
