"ყველა, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, რადიკალია," - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ შეხვედრებს.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ ქმედებებს არ აქვს დიპლომატიური ხასიათი, ის საზოგადოებაში დაპირისპირების გამწვავებას ემსახურება.

"დიპლომატიურ საქმიანობასთან არ აქვს კავშირი მას, ვინც ქვეყანაში ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩას. ეს ადამიანები გარედან იმართებიან, ფინანსდებიან. ეს არის გლობალური ომის პარტია. ჩვენი ხომ არ გჯეროდათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა აიღეთ და საზეპიროდ დაიდეთ, კარგად რომ გაითავისოთ ეს ყველაფერი. ტრამპის პირველი დაპირება რაც იყო, მან ორ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, პირველი იყო გლობალური ომის პარტიის დამარცხება, რაც ჯერ არ მომხდარა და მეორე, ომის დასრულება, რაც ჯერ არ დასრულებულა. ეს არის ძალა, ვინც მართავს მსოფლიოს," - განაცხადა კახა კალაძემ.