"ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები", - ამის შესახებ საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველოს ხელისუფლება მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსთან, რომელიც 2024 წელს შეაჩერა.
"ტყუილია, თითქოს "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა.
"ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები.
სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად საქართველო ერთმნიშვნელოვნად უფრო დემოკრატიული და თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფოა დღეს, ვიდრე ის გახლდათ 2012 წელს.
2014 წლიდან, საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევით, ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რომლის უარყოფა, თავად კრიტიკულად განწყობილ ბრიუსელის ბიუროკრატიასაც კი გაუჭირდა 2023 წელს, მაშინ როდესაც წელიწად ნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი თვისივე ანგარიშების და დასკვნების საფუძველზე.
საქართველოს პროგრესის, რომლის უკან სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დგას, დასტურია ევროკომისიის ყველა ანგარიში, რაც კი 2025 წლამდე მომზადებულა ბრიუსელში და გამოქვეყნებულა.
პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 9 ივლისს, თუ როგორ განგვიმარტა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება.
მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ: "სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს".
"ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობისთვის არის ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, იდენტობაზე დაფუძნებული მისწრაფება, რომელიც მიზნად ისახავს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის საუკეთესო გარანტიების შექმნას.
ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ცხადია, თუ რას ემსახურებოდა, გაუთავებელი განცხადებები, მუქარა და შანტაჟი საქართველოს ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის თუ ევროკავშირის წევრობის შესახებ.
ამ საკითხით მუდმივი მანიპულირება, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან პროცესს.
სწორედ ამიტომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია".
შეგახსენებთ, რომ ამავე განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცალსახად განაცხადა, რომ "ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად";
აქვე გაკეთდა განმარტება:
"მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. მთავარი არაა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.
აქვე შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე იღებს ევროკავშირის საბჭო და არა თავად კანდიდატი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ, "საქმე შანტაჟის ნაცვლად”!
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე მზად ვართ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამისთვის საჭიროა, მინიმუმ ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსთან, რომელიც 2024 წელს შეაჩერა.
სხვაგვარად, ნებისმიერი ფორმით გამოხატული წუხილი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე ვერ იქნება გულწრფელი და მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის პოლარიზაციის მიზანს მოემსახურება, რაც ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი მხრიდან აღქმული და შეფასებული მეგობრულ სულისკვეთებად", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
