ისრაელის ოფიციალური პირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებების თანახმად, ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ხუთშაბათს, ვაშინგტონშია დაგეგმილი.

ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის პირველი შეხვედრა გასულ სამშაბათს გაიმართა, რომელსაც ისრაელის ელჩი იეჩიელ ლეიტერი და ლიბანის ელჩი ნადა ჰამადეჰი ესწრებოდნენ. ოფიციალური პირების თქმით, მოლაპარაკებები კვლავ ელჩების დონეზე გაიმართება.

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის დელეგაციას შეერთებულ შტატებში ლიბანის ყოფილი ელჩი, სიმონ კარამი უხელმძღვანელებს.

"ამ მოლაპარაკების მიზანია საომარი მოქმედებების შეჩერება, სამხრეთ რეგიონებში ისრაელის ოკუპაციის დასრულება და არმიის განლაგება საერთაშორისოდ აღიარებულ სამხრეთ საზღვრებზე", - განაცხადა პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა.