მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ.
"მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს.
დღეს წაკითხულ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ, მერვე დღესაც, უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: "მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20, 19). მერვე დღეს როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულიც მათთან ერთად იყო და კიდევ ერთხელ უთხრა: "მშვიდობა თქვენდა!" (ინ. 20, 26).
უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ: "მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ" (ინ. 14, 27).
მაშასადამე, უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას ვერც ღმერთთან და ვერც ადამიანებთან. ამის დასტურია მთელი კაცობრიობის ისტორია: საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ რას ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება.
მაშ, როგორია იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მშვიდობა? მას ორი მნიშვნელობა აქვს, ის ორგვარია.
ერთია მშვიდობა ღმერთთან, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ყოველგვარი წინაღობა იხსნება და გვეძლევა შესაძლებლობა, არა მხოლოდ მივუახლოვდეთ ღმერთს, არამედ მის საღვთო ბუნებასაც კი ვეზიაროთ. აი, ეს არის მშვიდობა ღმერთთან, მაგრამ ეს მიიღწევა სწორი სულიერი ღვაწლით.
მეორე მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანებთან, რაც მიიღწევა ასევე სახარებისეული მცნებების დაცვით ადამიანებთან ურთიერთობაში.
ჩვენ ვფიქრობთ დღეს ასევე იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რა პირობებია ამისთვის? არის რამდენიმე მთავარი პირობა: ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის; მეორე, რომ უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი.
აი, ეს სამი მთავარი პირობაა, რომლებიც მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევნით, ეს ორივე ერთად უნდა იყოს. გახსოვთ, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია რომ ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას?! ორივე ნება უნდა იყოს, მარტო ჩვენი ნებით, რაც არ უნდა ვეცადოთ, მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. აი, ეს სამი პირობაა, როგორც გითხარით, უმთავრესი.
მაგრამ როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როცა არის ერთმანეთის ცილისწამება, ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ხომ შეუძლებელია?! რასაც ასე უხვად ვხედავთ მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს, იციან, თუ არ იციან ფაქტები, მარტო აღქმებს თუ ჭორებს ეყრდნობიან, ძალიან სასტიკად იმეტებენ ადამიანებს უშვერი სიტყვებით.
რაზე მეტყველებს ეს? - უკიდურესად დაბალ განვითარებაზე. ვგულისხმობ როგორც გონებრივ განვითარებას, ასევე სულიერს; სხვა გამოხატვის საშუალება ადამიანს არ აქვს, რომ რაღაც დაწეროს ან თქვას, თუნდაც კრიტიკული.
აი, ამიტომ უფალი ყველაფერს ხედავს. ის ხედავს ჩვენს უსამართლო ქცევას, რითაც ვარღვევთ ამ მშვიდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არა მხოლოდ მოწყალეა, არამედ მსაჯულიც არის. ამიტომ თუ გვსურს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ. ურთიერთგაგება რომ დამყარდეს, აუცილებელია, როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ, სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში, რაგინდ არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგვწონდეს მისი ქცევა. ვიმეორებ, გვქონდეს ლმობიერება.
კიდევ რა არის, იცით, აუცილებელი? ჩვენი სისუსტეც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პირადი სისუსტეებიც და უძლურებებიც უნდა გვახსოვდეს, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ.
გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე როგორ გვასწავლის? - „ყოველივე, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც გაუკეთეთ მათ“ (მთ. 7, 12).
შემდეგი პირობა, როგორც გითხარით, ეს არის მოსიყვარულე ურთიერთობები, კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან. როდესაც ადამიანებს თანავუგრძნობთ, მათ მწუხარებას, მათ სიხარულს, ვხდებით ქრისტეს მშვიდობის მუშაკები, შეიძლება ასე ითქვას. როგორც ამბობს უფალი ამაზე: „თუ გინდა, რომ პირველი იყო, იყავი ყველაზე უკანასკნელი და სხვების მსახური“ (მთ. 20, 27).
და აი, რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ა. შ. ამაზე წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება, დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.
როგორც გითხარით, მესამე პირობა, ერთ-ერთი უმთავრესი და ალბათ, მთავარი საფუძველი კიდევ მშვიდობის დამყარებისა, გახლავთ პატიების უნარი, ურთიერთმიმტევებლობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვებრძოლოთ ბოროტებას, ყველას მივცეთ ყველაფრის კეთების უფლება და ამით წავახალისოთ ბოროტება. არა! ეს სულაც არ ნიშნავს ამას! ბოროტებასთან ბრძოლა არის მოვალეობა ყოველი ქრისტიანისა როგორც თავის თავში, ასევე მის გარშემოც, მაგრამ, ამასთან, აუცილებლად უნდა გვქონდეს ლმობიერი და გულმოწყალე დამოკიდებულება ადამიანებთან. როდესაც საჭიროა, ამას უნდა ვავლენდეთ და ყოველთვის საჭიროა ის, მტერთან მოქცევისას, თუნდაც კანონს ვასრულებდეთ, ეს გულმოწყალება და ლმობიერება მაინც აუცილებელია.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს მინდოდა მეთქვა. ნახეთ, როგორ ამბობს უფალი იესო ქრისტე, ორჯერ ამბობს: "მშვიდობა თქვენდა!". ეს მშვიდობა ძალიან გვჭირდება დღეს, როგორც არაფერი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ამიტომ უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო.
კიდევ ერთხელ გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
მკვდრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ, რომელმაც დღეს თავისი მშვიდობა მისცა მოციქულებს, დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო და მოგვცეს ჩვენ თავისი მშვიდობა, სიყვარული და ერთსულოვნება. ამინ!", - აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.
