უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება ზღვაში არსებული რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების დროებით მოხსნის შესახებ და განაცხადა, რომ "რუსული ნავთობისთვის გადახდილი ყოველი დოლარი ომის ფულია", რომელსაც მოსკოვი მისი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს.

ზელენსკის განცხადებით, ამჟამად ზღვაში მოსკოვის ჩრდილოვანი ფლოტის 110-ზე მეტი ტანკერი იმყოფება, რომლებსაც 12 მილიონ ტონაზე მეტი რუსული ნავთობი გადააქვთ. მისი თქმით, სანქციების გარეშე ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა რუსეთს 10 მილიარდ დოლარს მოუტანს, რაც"პირდაპირ გამოყენებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმებისთვის" - აცხადებს ზელენსკი.

"მხოლოდ ამ კვირაში, რუსეთმა ჩვენი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 2360-ზე მეტი დრონი, 1320-ზე მეტი მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 60 რაკეტა გაუშვა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა, რომელიც თავს დაესხა ორ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და სხვა რამდენიმე ობიექტს, გააგრძელებს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის დაზიანების მცდელობებს.

ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ პარასკევს გამოსცა ახალი განკარგულება, რომელიც ირანთან ომის შედეგად გამოწვეული ფასების ზეწოლის შესამსუბუქებლად, სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასა და გაყიდვას უშვებს.