ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სრულად უნდა გაიხსნას საზღვაო გადაზიდვებისთვის. როგორც CNN-ი წერს, ეს მისი ყველაზე მკვეთრი კომენტარია გადატვირთულ საზღვაო გზაზე, რადგან აშშ-სა და ირანს შორის სპარსეთის ყურეში საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებით დავა კვლავ გრძელდება.

"ჰორმუზის სრუტე ნორმალური გადაზიდვებისთვის ღია უნდა დარჩეს, რაც რეგიონის ქვეყნებისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებში შედის“, - განაცხადა სი ძინპინმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრისას, იტყობინება ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი.

მედიის ცნობით, სი ძინპინმა კვლავ გააჟღერა პეკინის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტისა და საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასთან დაკავშირებით და მოუწოდა "ყველა ძალისხმევის გამოყენებისკენ მშვიდობის აღდგენის ხელშესაწყობად".

CNN-ის ინფორმაციით, კვირას ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის აშშ-ს მიერ დაკავებამ ეჭვქვეშ დააყენა თეირანსა და ვაშინგტონს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარების შესაძლებლობა.