პეტერ მადიარმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღადგინოს რუსული ნავთობის ტრანზიტი "დრუჟბის" მილსადენით, თუ ის ექსპლუატაციისთვის ვარგისია. მისის განცხადებით, ახალი მთავრობა ამ საკითხში "არავითარ დათმობაზე" არ წავა.
პარტია "ტისას" ლიდერმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, შეასრულოს დაპირება და განაახლოს მილსადენ "დრუჟბას" მუშაობა. მისი თქმით, ეს შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს.
თავის მიმართვაში მადიარმა ასევე გააფრთხილა ზელენსკი, თავი შეიკავოს უნგრეთის "შანტაჟისგან" ნავთობსადენის განბლოკვის სანაცვლოდ.
"ჩვენ არავითარ დათმობაზე არ წავალთ და კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს არ ვურჩევდი ამ გზით წასვლას. ამას არ მიიღებენ არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც. ევროპელი ლიდერებიც არ მოითმენენ იმას, რომ მას უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი სურს", - განაცხადა მადიარმა.
მან უკრაინის პრეზიდენტის ქმედებები ვახშამზე, მომთხოვნი სტუმრის ქცევას შეადარა:
"ეს ჰგავს სიტუაციას, როდესაც ვინმე ვახშამზე მიიწვიეს, ის კი შანტაჟს იწყებს: თუ "ლეჩო" არ იქნება, ან თუ საშუალო ცეცხლზე არ შეიწვება, მაშინ ამას და ამას ვიზამო. ვფიქრობ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა და ასეთ მოქმედებას არ ვურჩევდი", - განაცხადა მადიარმა.
ამ განცხადებამდე, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინამ გამოხატა მზადყოფნა ორშაბათს აღადგინოს ნავთობის მიწოდება "დრუჟბას" მილსადენით, იმ პირობით, თუ ბუდაპეშტი განბლოკავს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს.
ამასთან, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა გაიმეორა პოზიცია, რომ ის კრედიტს მხოლოდ მას შემდეგ განბლოკავს, რაც "დრუჟბას" მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება აღდგება.
