"საქართველო ნამდვილად და რეალურად არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე რეგიონში, რომელიც ძალიან ყურადსაღებ როლს თამაშობს" - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს ეხმიანება.

ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ სატელეფონო ზარი პოზიტიური სიგნალია იმისა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დაიძრას.

"მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას იმ გაყინული წერტილიდან, რომელიც ახლა არის. როგორც ვიცით, ამ საუბრის შინაარსის შესახებ, არის ის, რომ საუბარი ეხებოდა საქართველოს სტრატეგიულ როლს კავკასიის რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქართველო ნამდვილად და რეალურად არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე რეგიონში, რომელიც ძალიან ყურადსაღებ როლს თამაშობს, ხელშესახები შედეგი აქვს, მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ასევე, გლობალური ეკონომიკური პროექტების განვითარების საქმეში," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.