გადაწყვეტილება არგუმენტების გარეშე - მმართველი გუნდი დიდი ბრიტანეთის მხრიდან მედიაზე თავდასხმაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მტკიცებულებების წარსადგენად დაიბარეს, თუმცა გარეტ უორდმა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
"ქართული ოცნება" "იმედისა" და "პოსტივის" წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას თავისუფალ მედიაზე თავდასხმად და ტელევიზიების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მედიაზე ასეთი თავდასხმა იდეოლოგიური და პოლიტიკური მარცხის აღიარებაა.
"მედიაზე ასეთი თავდასხმა არის აღიარება იდეოლოგიური და პოლიტიკური მარცხისა, რაც განიცადეს იმ ძალებმა, ვისთვისაც საქართველო არა სუვერენული სახელმწიფო, არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ მათი მომსახურე კლიენტურის ხელისუფლება წარმოედგინათ საქართველოში. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეხუთე ქვეკოლონა რამენაირად გადარჩეს საქართველოში. მათ არჩევნებში პერსპექტივა არ აქვთ, რევოლუციებს და გადატრიალებებს ვერ აწყობენ და მათ ჰგონიათ, რომ თავისუფალ სიტყვას თუ ჩაახშობენ, ამით გაიმარჯვებენ. მათ ეს გზა აპრობირებული აქვთ, მათ სხვანაირად არ იციან. როდესაც ეს ხალხი თავის არასამთავრობოებიანად იყვნენ ხელისუფლებაში, ყველა ტელევიზია გააუქმეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
განცხადებები კეთდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც.
