დამტკიცდა საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც სურსათის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტშიც შეიქმნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ბიზნესი კვლავ ხელშეუხებელი იქნება.

"საქართველოს მთავრობაში უკვე შექმნილია კომისია, რომელიც ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს. პირველივე დღეებში, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საჯარო დისკუსიებს გამართავს ამ საკითხებზე, ყველას ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ხელშეუხებლობა კვლავ უცვლელი დარჩება," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

24 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. ამას კი სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მაღაზიების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86 პროცენტს შეადგენს.