"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი, - ასე უწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის ერთობას. 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, გიგა ბოკერია იკავებდა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს, ნიკა გვარამია გენპროკურორის, გიორგი ვაშაძე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიგი წერეთელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ელენე ხოშტარია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე, ზურაბ ჯაფარიძე კი "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი.
მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია მოსახლეობას ახალს ვერაფერს სთავაზობს და ახალი ალიანსიც მათთვის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა". ერთობას არ შეუერთდა "ლელო" და გახარიას გუნდი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ენმ ვერასდროს აღდგება.
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს ავტომობილი, ენმ-ს სახით, ჩააბარა დაშლილებში. თუმცა, ყოველ ჯერზე, არჩევნებამდე ამ ნარჩენებს აკოწიწებდნენ, მაგრამ ათჯერვე დამარცხდნენ და ისევ ჩაბარდნენ დაშლილებში.
თავად ის ფაქტი, რომ ამ დაშლილებიდან მხოლოდ ცხრა შეიკრიბა, გამოაცხადეს, ერთად კი ვართ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზები გვაქვსო. სწორედ ამით აჩვენეს, რომ ის ავტომობილი ვერასდროს ვერ აღდგება, რადგან უკვე დაშლილებშიც აღარ იბარებენ," - აცხადებს მაჭარაშვილი.
